|
|
|
EWMI ACCESS-ი საქართველოს რეგიონებში ხუთ ახალ პროექტს აფინანსებს
|
|
| |
ივნისში ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.
მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, კონკურსის მთავარი თემა იყო ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენა და საარჩევნო პროგრამებში მათი ასახვა, ასევე საარჩევნო პროცესებში ქალების გააქტიურება.
კონკურსის ფარგლებში სულ 35 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 5 პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად. პროექტები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მოიცავს საინფორმაციო კამპანიას, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ დებატებს და დისკუსიებს, ტრენინგებს საარჩევნო და ადვოკატირების საკითხებში, რათა ქალებმა შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა. სპეციალური ყურადღება დაეთმობა ეთნიკური უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წამომადგენელ ქალებს.
გამარჯვებული ორგანიზაციები არიან:
• ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
• ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო
• სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
• ქალები რეგიონის განვითარებისათვის
პროექტები დაიწყება ივლისის მეორე ნახევარში. EWMI ACCESS-ი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს მათ. დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ დაიდება ACCESS-ის ვებგვერდზე.
|
|
ACCESS-ის ორგანიზებით საქართველოში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის შესახებ კონფერენცია გაიმართა
|
|
|
27 ივნისს, ACCESS-ის პროექტის და მისი პატრნიორი ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა განიხილეს 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხი.
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ავტომობილების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნების დაცვით განახორციელოს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგნლები (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალაქ თბილისის მერი), არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები (საქართველოში USAID მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცის წამრომადგენელი), აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ექსპერტები.
კონფერენციაზე სპიკერებმა ისაუბრეს, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეფექტიანად განხორციელებისათვის. ასევე წარადგინეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები მომავალ წელს ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს შესაბამისი ევროდირექტივის და საქრთველოსთვის ოპტიმალური მოდელის შესახებ.
უფრო კონკრეტულად, დისკუსია შემდეგ საკითხებს დაეთმო:
• მზადყოფნა ტექნიკური ინსპექტირებისთვის - რამდენად არის მზად ქვეყნის მასშტაბით არსებული 26 სააკრედიტაციო ცენტრი რომ გაუწიოს ტექნიკური შემოწმება 1.1 მილიონ ავტომობილს?
• საზოგადოებრივი აზრი, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის საკითხები - რას ფიქრობს მოსახლეობა პერიოდულ სავალდებულო ტექ-ინსპექტირებასთან დაკავშირებით? როგორია ჰაერის ხარისხი საქართველოში და რა არის მისი ძირითადი დამაბინძურებლები? ტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და კავშირი გახშირებულ დაავადებებთან.
• ევროკავშირის დირექტივა, საერთაშორისო გამოცდილება და ოპტიმალური მოდელი - როგორია 2009/40/EC ევროდირექტივის მოთხოვნა ავტომობილების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით? როგორია საერთაშორისო გამოცდილება? როგორია საქართველოსთვის ტექნიკური ინსპექტირების ოპტიმალური მოდელი ავტომობილების კატეგორიების, ინსპექტირების პარამეტრების, პერიოდულობის, ფასის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით? როგორ უნდა გადაიჭრას გამონაბოლქვის და მოძველებული ავტომობილების პრობლემა?
EWMI ACCESS-ი შეაჯამებს კონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და რეკომედნაციებს და შესაბამის მხარეებს მიაწვდის.
|
|
განახლებული ვებგვერდი www.mythdetector.ge
|
|
|
არასამთავრობო ორგანიზაცია - „მედიის განვითრების ფონდი“ ACCESS-ის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ანტიდასავლური მითების გასაქარწყლებლად და საზოგადოების მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად.
ამ მიზნით ივნისიდან ჩაეშვა განახლებული ვებგვერდი www.mythdetector.ge, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მითების შესახებ, ამ ინფორმაციის წყაროების შესახებ, მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ხერხების შესახებ და სხვ. კერძოდ, ვებგვერდზე www.mythdetector.ge
-ზე შეგიძლიათ ნახოთ: კვლევაზე დაფუძნებული საინფორმაციო სტატიები ანტიდასავლური მითების გასაბათილებლად („მითების დეტექტორის“ სტატიების სერია), ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომანიპულაციების მაგალითები და მათი ამოცნობის ხერხები, კარიკატურები და ინფოგრაფიკები, ტელესიუჟეტები, სოციალური კლიპები, საგანმანათლებლო რესურსები (მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, ქვიზები) და ა.შ. „გამოაგზავნე fake-ი“ ღილაკის მეშვეობით მომხმარებლებს შეულიათ შეატყობინონ ვებგვერდის ადმინისტრატორებს დეზინფორმაციის შესახებ.
www.mythdetector.ge პირველი ქართული ვებგვერდია, რომელიც სრულად ეთმობა ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავებას და ანტიდასავლური მითების გაბათილებას. არსებობს ამავე დასახელების FB გვერდი. „მითების დეტექტორის“ სტატიების შედეგად რამდენიმე ქართულმა ონლაინ მედიასაშუალებამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ამავე პროექტის ფარგლებში „მედიის განვითარების ფონდი“ ტელეკომპანია პირველთან ერთად ანტიდასავლურ მითებზე ტელესიუჟეტებს და ტელეინტერვიუებს ამზადებს, რომელიც ყოველკვირეულად ტელეკომპანია პირველის დილის ეთერში გადაიცემა.
|
|
სამოქალაქო კამპანია #ძალაევროპაშია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს
|
|
|
15 და 16 ივნისს წამყვანმა არასმთავრობო ორგანიზაციებმა („საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“, „ატლანტიკური საბჭო“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ და „ევროპა ჩვენი სახლია“) სამოქალაქო კამპანია #ძალაევროპაშია-ს ფარგლებში ქუთაისში და მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებთან ღია შეხვედრები გამართეს. შეხვედრების თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და სარგებელი, რასაც საქართველო ამ პროცესიდან იღებს, დასავლური ღირებულებები და მათი თანხვედრა ქართულ კულტურასთან, ასევე ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ანტიდასავლური დეზინფორმაცია და სხვ.
თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდნენ, ხოლო შემდგომ ადგილობრივი მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლებს. მათ ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც მთავრობა და სამოქალაქო სექტორი ანტიდასავლური პროპაგანდის გამკლავების და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის შენარჩუნების კუთხით აწყდება.
ცალკე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სოფლების (ბანოჯა, პატრიკეთი და გეგუთი) მოსახლეობასთან. ხალხი განსაკუთრებით დაინტერესებლი იყო ფერმერებისთვის და მეწარმეებისათვის ევროპულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობებით, ასევე დასავლეთში სასწავლო პროგრამებით და ვიზალიბერალიზაციის საკთხებით. საუბარი ასევე შეეხო იმერეთში გავრცელებულ ანტიდასავლურ მითებს და მოსახლეობის დამოკიდებულებას ევროკავშირისადმი და ნატოსადმი.
მომდევნო თვეებში ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებში გაიმართება.
სამოქალაქო კამპანია #ძალაევროპაშია EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ნატოსა და ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის გაზრდა და ანტიდასავლური დეზინფორმაციის ნებისმიერი გამოვლინების გაბათილება. ამ მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური საინფორმაციო კამპანია ტარდება: შეხვედრები რეგიონებში, თოქ–შოუები და სატელევიზიო ვიდეორგოლები ეროვნულ და რეგიონულ ტელეარხებზე, ტრენინგები მედიაწიგნიერებაში, სტატიები ანტიდასავლური მითების გასაქარწყლებლად, ასევე სტატიები ევროკავშირიდან მიღებული სარგებელის შესახებ და ა.შ.
|
|
„ქალები საქართველოდან“ – ACCESS-ის მხარდაჭერით გრძელდება
|
|
|
ივნისის თვიდან პოპულარული Facebook გვერდი „ქალები საქართველოდან“ ACCESS-ის მხარდაჭერით განაგრძობს ფუნქციონირებას. ამ გვერდზე ქვეყნდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქალების პირადი ისტორიები, თუ როგორ ახერხებენ ისინი გენდერული ბარიერების და სტერეოტიპების გადალახვას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. სიღრმისეული ინტერვიუები რესპონდენტებთან და ფოტოები მათი ცხოვრების საინტერესო სურათს ქმნიან.
ACCESS-ის დახმარებით ინიციატივის ავტორები 60 ახალ ისტორიას მოამზადებენ. პროექტის მიზანია ფართო საზოგადოების ინფორმირება იმ ხშირად უხილავი ბარიერების შესახებ, რასაც საქართველოში ყველა ქალი აწყდება, მიუხედავათ მათი განათლებისა, წარმომავლობისა თუ სოციალური კუთვნილებისა.
|
|
ტრენინგი კვლევითი ორგანიზაციებისთვის
ACCESS-ის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება. გარდა ამისა, პროექტი ცდილობს დაეხმაროს კვლევით ორგანიზაციებს (think-tanks), რომ დაიხვეწოს მათი სამუშაო და გაიზარდოს მათი როლი საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
სწორედ ამ მიზნით, ივნისში ACCESS-ის მოწვევით მკვლევარმა და ექსპერტმა - ჰანს გუტბროდმა თბილისში მოქმედ კვლევით ორგანიზაციებს ჩაუტარა ტრენინგი ეფექტიანი კომუნიკაციის და პოლიტიკის ანალიტიკური დოკუმენტის (policy brief) წერის მეთოდებზე. ჰანს გუტბროდს სხვადასხვა ქვეყანაში კვლევით ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ტრენინგი მორგებული იყო უშუალოდ მონაწილე ორგანიზაციების საჭიროებებს. ზოგადი სესიების გარდა, ტრენერმა განიხილა მონაწილე ორგანიზაციების მიერ შექმნილი პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტები და სხვა მასალები, რის შემდეგაც მისცა მათ დეტალური რეკომენდაციები ასეთი ტიპის დოკუმენტების შედგენის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.
|
|
არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ონლაინ ტრენინგ კურსი იწყება
ივნისში დასრულდა აპლიკაციების მიღება არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სერტიფიცირებულ ონლაინ ტრენინგ კურსზე, რომელსაც EWMI ACCESS-ის დაფინანსებით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) უძღვება. კურსი არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი და ორგანიზაციის და პროექტების მართვის მრავალ ასპექტს მოიცავს. კურსი დაიწყება ივლისში და მისი ხანგრძლივობაა 5 თვე.
არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ტრენინგ კურსი უკვე ორი წელია თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) ტარდება. რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ACCESS-მა და CTC-იმ კურსის ონლაინ ვერსია შექმნეს, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლის გარეშე გაიარონ კურსი.
|
|
ACCESS არის 6 897 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
|
|
|
|
|
|