|
|
|
არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი დაიწყო
|
|
| |
21 ოქტომბერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში დაიწყო ხუთთვიანი ტრენინგ კურსი არამომგებიანი ორგანიზაციის მართვაში, რომელიც განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისთვის. კურსს გაუძღვება EWMI-ს პარტნიორი ორგანიზაცია - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC). პროგრამაში მონაწილეობას იღებს 24 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან (გორი, დუშეთი, რუსთავი, თელავი). სასწავლო კურსის მიზანია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის განმტკიცება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ტრენინგ კურსი არამომგებიანი ორგანიზაციის და პროექტების მართვის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს: არამომგებიანი ორგანიზაციების ძირითადი კონცეფცია და ღირებულებები, ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა, პროექტის ციკლის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და
სოციალური მარკეტინგი, თანხების მოძიების ინოვაციური მეთოდები და მდგრადობა, ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებისათვის, ფინანსური მართვა, ადამიანური რესუსების მართვა, ლიდერობა და ა.შ. სასწავლო პროგრამა შედგება სამი სავალდებულო და ოთხი არჩევითი მოდულისაგან. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი სავალდებულო და მინიმუმ ორი არჩევითი მოდული. თეორიული მასალის გაცნობის გარდა მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ორგანიზაციებისა და პროექტების მაგალითზე კონკრეტული პრაქტკული სამუშაოები შეასრულონ. სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის მიერ და უფასოა მონაწილეებისათვის.
არამომგებიანი ორგანიზაციების მართვის სასწავლო კურსი ACCESS-ის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას. სასწავლო პროგრამის გარდა ACCESS-ი პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ, საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციებს/დახმარებას უწევს.
|
|
ACCESS-ის მოხალისემ ზუგდიდში ფილმის ფესტივალი ჩაატარა
|
|
| |
დიმა ხურცია მე-12 კლასის მოსწავლეა ზუგდიდიდან. იგი ზაფხულში არასამთავრობო ორგანიზაცია აჰუაჰუ-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაესწრო, რომელიც რეგიონებში თავისუფალი კინოჩვენებების ორგანიზებას ეხებოდა. ტრენინგის შემდეგ დიმამ გადაწყვიტა თავად გაემართა ზუგდიდში ერთდღიანი კინოფესტივალი და დახმარებისთვის ზუგდიდის მერიას მიმართა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფესტივალის ჩასატარებლად შესაბამისი სივრცე კინოთეატრ ატრიუმში უფასოდ გამოყო.
აჰუაჰუ - ფონდი კულტურული განვითარებისთვის
არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში თავისუფალი კინოჩვენებების იდეის პოპულარიზაციას ახდენს. თავისუფალი კინოჩვენებების მიზანია საქართველოს ქალაქებში და სოფლებში მოსახლეობის კულტურული ცხოვრების გააქტიურება, კინოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი კინოკლუბების შექმნა, ძველი კინოთეატრების აღდგენა, კინოჩვენებების შემდგომ ფილმებში წამოწეული თემების ირგვლივ დისკუსიების წარმართვა და ა.შ. ფონდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ასეული კინოჩვენება გამართა. მოქალაქეთა მობილიზაციის და ჩართულობის ასეთი ინოვაციური მეთოდი ამჯერად ACCESS-ის პროექტის მიერ ფინანსდება. ივნისის შემდეგ აჰუაჰუმ ACCESS-ის დაფინანსებით თავისუფალი კინოჩვენებების და შემდგომი დისკუსიების ორგანიზების მეთოდების შესახებ ტრენინგები 13 რეგიონში ჩაატარა. ტრენინგების მიზანი იყო ადგილობრივი მოხალისეების დაინტერესება, რომ მათ შემდგომში კინოჩვენებები დამოუკიდებლად ჩაეტარებინათ. ზუგდიდში
ჩატარებული ტრენინგის შემდეგ დიმა ხურციამ ეს იდეა აიტაცა და ზუგდიდის მერიის დახმარებით ერთდღიანი კინოფესტივალი ჩაატარა. ფესტივალზე აჩვენეს სამი ფილმი: „ახლა საით მივდივართ“ - ლიბანელი ქალების შესახებ, რომლებიც მათ სოფელში რელიგიურ ნიადაგზე გაღვივებული კონფლიქტის მოგვარებას ცდილობენ; „შემოდგომის ლეგენდები“ - ისტორია ამერიკაში მცხოვრები სამი ძმის და მათი ოჯახური კონფლიქტის შესახებ; „მისტერ არავინ“ - ფილმის თინეიჯერებისთვის ცხოვრებაში მოცემულ ამოუწურავ შესაძლებლობებზე და სწორი არჩევანის გაკეთებაზე.
ფესტივალს დაახლოებით 150 ადამიანი (უმეტესად თინეიჯერები) დაესწრო. ფილმების ჩვენების შემდგომი დისკუსია შემდეგ თემებს შეეხო: ქალების როლი კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში, ზოგადად ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გენდერული საკითხები, კონფლიქტები ოჯახებში და სკოლებში. ახალგაზრდებმა განსაკუთრებით ბევრი ისაუბრეს კონფლიქტებზე სკოლაში და ბულინგის პრობლემაზე. მათ საკუთარი გამოცდილებიდან მაგალითები მოიყვანეს და თანატოლებთან და უფროსებთან ერთად ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზებზე იმსჯელეს. სკოლის მასწავლებლებმა და მშობლებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ განხილვას, ახალგაზრდებს რჩევები მისცეს.
დიმას მიაჩნია, რომ სამეგრელოში ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა სოციალური საკითების შესახებ ღია და თავისუფალ დისკუსიებზე, რაც არ ხდება სკოლებში. მისი აზრით, თავისუფალი კინოჩვენებების ფორმატი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დიმა, მეგობრებთან ერთად, კინოჩვენებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს. „შემდეგი კინოჩვენებებისთვის უკეთ მოვემზადებით: დამსწრეებს სააპლიკაციო ფორმების მეშვეობით უფრო მიზნობრივად შევარჩევთ. ასევე, გვინდა ფსიქოლოგისა და სხვადასხვა დარგის ექსპერტის მოწვევა დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. ამის საჭიროება წინა ჩვენებაზე ნათლად გამოჩნდა. თუკი ვიშოვით მიკროფონს, პროექტორს და სხვა საჭირო აღჭურვილობას, სოფლებშიც გავალთ და ჩვენებებს ღია ცის ქვეშ მოვაწყობთ“ - ამბობს დიმა.
თავისუფალი კინოჩვენების ACCESS-ის მიერ დაფინანსებული პროექტი 2015 წლის დეკემბერში დასრულდება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ფარგლებში სამასზე მეტი დატრენინგებული მოხალისე, დიმას მსგავსად, გამოიყენებს ახალ ცოდნას და სხვადასხვა ადგილებში ასეთივე კინოჩვენებესა და დისკუსიებს მოაწყობს.
|
|
საინფორმაციო შეხვედრა პანკისის ხეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ
|
|
| |
22 ოქტომბერს EWMI ACCESS-ის ორგანიზებით პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საინფორმაციო სემინარი „მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ“ გაიმართა. სექტემბერში ანალოგიური შეხვდრები ACCESS-ის ინიციატივით საქართველოს რვა რეგიონში ჩატარდა. ამის შემდეგ გადაწყდა დამატებითი შეხვდრის ჩატარება პანკისის ხეობაში. ხეობა ბოლო დროს მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა რამდენიმე ათეული ადგილობრივი მაცხოვრებლის სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანების გამო. ამას გარდა, პანკისის მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ქისტებისგან შედგება, ნაკლებად ინტეგრირებულია ფართო საზოგადოებაში და არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე.
შეხვედრის მიზანი იყო ამ ინფორმაციული ვაკუუმის შევსება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამ პროცესთან დაკავშირებით შექმნილი მცდარი შეხედულებების (მითების) გაქარწყლება. შეხვედრას გაუძღვნენ მოწვეული ექსპერტები სამოქალაქო სექტორიდან, რომლებმაც დეტალურად ილაპარაკეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA), ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზე. უფრო დეტალურად, საუბარი შეეხო შემდეგ კითხვებს: რატომ აირჩია საქართველომ ევროპა? რამდენად შეესაბამება ასოცირების შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს? რამდენად მიმზიდველია ევროკავშირის ბაზარი რუსულ ბაზართან შედარებით? რას გვთავაზობს ევროკავშირის ბაზარი და რაშია მისი უპირატესობა სხვა ბაზრებთან შედარებით? დაკარაგვს თუ არა საქართველო სხვა ბაზრებს? რა სიახლეები და
რეგულაციები უნდა დაინერგოს სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროში? რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ქართველმა მეწარმეებმა? რატომ გვჭირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტები? როდის შევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ძალაში და რა წესები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე? მართალია თუ არა, რომ ევროკავშირი ჩვენთვის მიუღებელ ღირებულებებსა და ტრადიციებს გვახვევს თავს? ებრძვის თუ არა ევროკავშირი საქართელოს ეროვნულ იდენტობას?
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია- მედიის განვითარების ფონდის (MDF) წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ვებგვერდი www.eurocommunicator.ge გააცნო, რომლის საშუალებითაც საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მითების გაქარწყლების მიზნით არგუმენტირებილი ინფორმაცია ვრცელდება.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. დამსწრეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, თუ რა პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო ადგილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გასატანად; ასევე, უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის შესახებ. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
|
|
ლიდერთა განვითარების აკადემიაში საბუთების მიღება 6 ნოემბრამდე გაგრძელდა
ლიდერთა განვითარების აკადემიაში მონაწილეობის მსურველთა დიდი ინტერესის და მოთხოვნის გამო, მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა 6 ნოემბრამდე გაგრძელდა.
ლიდერთა განვითარების აკადემია (Leadership Academy for Development - LAD) არის ინტენსიური ტრენინგ პროგრამა საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთათვის, რომლის მიზანია კერძო სექტორის როლის გაძლიერება ეკონომიკური ზრდის და განვითარების პროცესში. ლიდერთა განვითარების აკადემიის დამფუძნებლები არიან სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრი (CDDRL) და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სწავლების სკოლა (SAIS).
ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან პარტნიორობით, აღნიშნული კურსი თბილისში, 2016 წლის 18-22 იანვარს ჩატარდება. ხუთდღიან ინტენსიურ სასწავლო კურსს თემაზე „საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორის განვითარებაში“ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენსის ფუკუიამა გაუძღვება. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის 25 წარმომადგენელი (მათ შორის 15 საქართველოდან და 10 მეზობელი ქვეყნებიდან). პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტის ეფექტიანობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში რეფორმების გასატარებლად, და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
სასწავლო კურსს აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტი და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში(GGI). დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://eprc.ge/index.php?a=main&pid=1146&lang=eng
|
|
მშობლების ინფორმირება ადრეული ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ კახეთის ეთნიკურად აზერბაიჯანულ სოფლებში
|
|
| |
31 ოქტომბერს ACCESS-ის პროექტის დაფინანსებით ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვეჟინი“ კაბალის თემის (კახეთი) წარმომადგენლებისთვის ადრეული ქორწინების თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი კაბალი სახალხო დამცველის 2013 ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ანგარიშში შეჯამებული იყო ნაადრევი და იძულებითი ქორწინებების პრაქტიკა საქართველოში და ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილი იყო სოფელი კაბალი, სადაც მამამ საკუთარი ქალიშვილი ათი ძროხის სანაცვლოდ გაათხოვა. ტრენინგს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები გაუძღვნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინი“ ადრეული ქორწინებების პრევენციის მიზნით კახეთში ეთნიკური აზრებაიჯანელებით დასახლებულ 11 სოფელში მუშაობს. თელავის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 70 ოჯახთან შეხვედრების შემდეგ, ორგანიზაციამ 20-მდე ადგილობრივი მოსახლე (ცოლ-ქმარი) ორდღიან ტრენინგზე მოიწვია, რომლის მიზანი იყო მშობლებისთვის ნაადრევი ქორწინებების უარყოფით შედეგებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალები და კაცები ერთად საუბრობდნენ ასეთ სენსიტიურ და წინააღმდეგობებით სავსე თემებზე. კულტურული და რელიგიური ტრადიციების გამო, ქალები და კაცები ძალიან იშვიათად სხდებიან ერთად და განიხილავენ ადრეული ქორწინებების უარყოფით შედეგებს გოგონების ჯანმრთელობაზე, განათლების პერსპექტივაზე, და ზოგადად მათ უფლებებზე. სემინაზრე მონაწილეებმა სხვადასხვა სავარჯიშო გააკეთეს. ერთ-ერთი დავალება იყო „იდეალური ქალის“ და „იდეალური კაცის“
დახასიათება, რის შემდეგაც მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იდეალურ ქალსაც და კაცსაც თითქმის ანალოგიური თვისებები აქვთ. ამ და სხვა მეთოდებით „ვეჟინი“ და ACCESS-ის პროექტი ადრეული ქორწინებების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის შეხედულებების და მიდგომების ნელ-ნელა შეცვლას ცდილობენ.
მომავალ თვეში იორმუღანლოს და ყარაჯალას თემებისთვისკიდევ ორი ანალოგიური ტრენინგი ჩატარდება.
|
|
შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორში სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით
1 ოქტომბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა-დისკუსია საკრებულოს წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. შეხვედრის თემა იყო 2 ოქტომბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხი სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა განაპირობა რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულმა სტატიამ, სადაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უმრავლესობა ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმის მომხრე იყო.
შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს საკუთარი პოზიცია და ამ ინიციატივის საწინააღმდეგო არგუმენტები გააცნეს. ყველაზე უფრო აქტირუმა ახალგაზრდამ, ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“-ს წევრმა საკრებულოს წევრებს მოუწოდა ნუ მიიღებდნენ სამარცხვინო გადაწყვეტილებას და ამის სანაცვლოდ დაეწყოთ შეუქცევადი პროცესი, რომელიც გორის მოხალეობას საბჭოთა წარსულის მიმართ ნოსტალგიის დაძლევაში დაეხმარებოდა. არასამთავრობო ირგანიზაციების ლიდერებმა საკრებულოს წევრებს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება სთხოვეს, მით უმეტეს, როდესაც სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივა „თავისუფლების ქარტიის“ კანონს ეწინააღმდეგება, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის პოპულარიზაციას კრძალავს.
გაერთიანებული სამოქალაქო ძალისხმევის შედეგად, 2 ოქტომბერს საკრებულოს სხდომაზე სტალინის ძეგლის აღდგენის საკითხი 13 ხმით 1-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
|
|
ACCESS არის 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას,
|
|
|
|
|
|