Facebook icon Twitter icon Forward icon

“ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრის“ პრეზენტაცია

27 ნოემბერს, CRRC – საქართველომ,  EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, “ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრის“ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის ფარგლებში, CRRC – საქართველომ სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით 70-მდე ქართული ფეისბუქგვერდისა და ჯგუფის პოსტები, კომენტარები, რეაქციები და გაზიარებული ინფორმაცია გააანალიზა. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, თუ რამდენად იზრდება ანტიდასავლური ჯგუფების რაოდენობა ქართულ სოციალურ მედიაში, რა კავშირებია ამ ჯგუფებს შორის, რომელ წყაროებს იყენებენ ისინი, რა შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ, როგორი ტონით (დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური) საუბრობენ დასავლეთზე და რუსეთზე, რა ტერმინებს იყენებენ ყველაზე ხშირად და სხვ. კვლევა ასევე გვიჩვენებს, თუ რომელია ყველაზე მკვეთრად ანტიდასავლური განწყობების მქონე ფეისბუქგვერდები.

კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ იმ გვერდების რაოდენობა, რომლებიც ანტიდასავლური და რადიკალური მემარჯვენე შინაარსის პოსტებს ავრცელებენ, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიზარდა. გაზრდილია მათი აუდიტორიაც. კვლევის ძირითადი მიგნებები განთავსებულია „ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრის“ ვებგვრედზე (http://awdb.ge), რომელიც მუდმივად განახლდება მონიტორინგის ახალი შედეგებით.

პრეზენტაციის მეორე ნაწილი დაეთმო CRRC-საქართველოს მეორე კვლევას, რომლის ფარგლებში გამოვლინდა ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. კვლევა ეყრდნობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვების 24 ტალღის მონაცემების ანალიზს.

კამპანია "უფლება გაქვს იცოდე" – ACCESS-ის ანგარიში საზოგადოებას

ნოემბერში EWMI ACCESS-მა დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში სლოგანით „უფლება გაქვს, იცოდე“. შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები  ეცნობიან ACCESS-ის პროექტის მიზნებს, ბოლო 4 წლის მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა,  სამოქალაქო სექტორში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები ACCESS-ის წარმომადგენლებს გაუზიარონ.

ნოემბერში ასეთი შეხვედრები ჩატარდა რუსთავში, თელავში და გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, რომლებსაც 60 ადამიანი დაესწრო.  მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ACCESS-ის საქმიანობაზე, მათ შორის, ახალ საგრანტო კონკურსზე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გამოცხადდება.

შევხედრების განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა სამოქალაქო სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევებიც იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციფიკაზე, დაფინანსების მიღების სირთულეებზე, ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვევულ პრობლემებზე და სხვა საკითხებზე. ACCESS-ის წარმომადგენლებმა  მონაწილეებს საკუთარი დაკვირვებები და რეკომენდაციები გაუზიარეს როგორც პროექტების დაგეგმვისა და დონორებთან თანამშრომლობის, ისე მოქალაქეებთან უფრო მჭიდროდ ურთიერთობის და მათი ინტერესების გატარების კუთხით.

დეკემბერში მსგავსი შეხვედრები ქუთაისში და ზუგდიდში გაიმართება.

ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

21 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის აღსრულების მონიტორინგის შედეგები წარადგინა. კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ჩატარდა და თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტესტირების პროცესის მონიტორინგს მოიცავდა. პრეზენტაციაზე მოწვეულმა ექპერტებმა ასევე წარადგინეს ჰაერის ხარისხის შედარებითი ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად იმოქმედა ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე თბილისში. 

კვლევა ჩატარდა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში და მოიცავდა როგორც სამაგიდე კვლევას, ასევე სიღრმისეულ ინტერვიუებს, ფოკუსჯგუფებს, ინსპექტირების პროცესზე დაკვირვებას და პტი ცენტრების მომხმარებლების გამოკითხვას. კვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სულ 84,850-მა ავტომობილმა გაიარა. მათგან ხარვეზები ავტომობილების 32%-ს დაუდგინდა, განმეორებით ინსპექტირებაზე კი დახარვეზებული ავტომობილების 30% არ გამოცხადდა.

კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია:

• ტესტირების ცენტრების ინფრასტრუქტურა გამართულია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ტესტირების პროცესიც მოწესრიგებულია და რიგებს ადგილი არ ჰქონია. მომხმარებლებიც ზოგადად კმაყოფილები არიან ცენტრებში მიღებული სერვისებით.
• რეფორმის ადმინისტრირება საავტომობილო გზებზე თითქმის არ ხდება - ოქტომბრის მონაცემებით, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბების გამო მხოლოდ 5 ავტომობილი იყო დაჯარიმებული. ამ ეტაპზე საპარტულო ეკიპაჟს არ გაჩნია შესაბამისი აღჭურვილობა, რომ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონე გაზომოს.
•  არასრულყოფილია მონიტორინგის სისტემა - პტი რეფორმის წარმატება მეტწილად  აკრედიტაციის ცენტრების პერსონალის კეთილსინდისიერებაზე და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. აუცილებელია დაინერგოს ქმედითი და გამჭვირვალე მონიტორინგის სისტემა.
• არ არსებობს კონსოლიდირებული ინფორმაცია რეფორმის აღსრულების შესახებ. ამჟამად პტი ცენტრები ინსპექტირებული ავტომობილების შესახებ რამდენიმე დამოუკიდებელ ბაზას აწარმოებენ. ამ ეტაპზე ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ავტოპარკის რა ნაწილმა გაიარა სავალდებულო ინსპექტირება, ვინაიდან, კვლევის ფარგლებში შეუძლებელი იყო ყველა ბაზის მოპოვება. აუცილებელია კონსოლიდირებული საინფორმაციო ბაზის წარმოება. ასევე, გამოვლენილი დარღვევების კატეგორიზაცია.
• საჭიროა ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი კომუნიკაციის უნარების დახვეწა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა, არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრეებს სამომავლო გეგმები გააცნეს, რომლის მიზანია პტი რეფორმის აღსრულების სრულყოფა, მათ შორის ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა.

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს, მას შემდეგ რაც პტი რეფრომა სრულად შევა ძალაში, განმეორებით ჩაატარებს ანალოგიურ კვლევას. 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება და საქართველოს 10 ქალაქში 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით  სხვადასხვა ღონისძიებას მართავს, რომელთა მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ფართო საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდერბის ინფორმირება. ამ მიზნით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება, კერძოდ:

• გენდერული თანასწორობისა და გენდერული ძალადობის თემაზე ფილმის ჩვენებები და დისკუსიები, ესეების კონკურსი და ნახატების გამოფენა სკოლის მოსწავლეებისთვის.
• რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ.
• სემინარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის გზების შესახებ; ასევე, საინფორმაციო შეხვედრები სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
• წიგნის საჯარო კითხვა - „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“.

შეხვედრებს უძღვებიან ადგილობრივი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კამპანიის პერიოდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სიმბოლურად ნარინჯისფრად მოირთო, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ოფიციალური ფერია.
კამპანიის განრიგი იხილეთ აქ.

მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირება

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრი განაგრძობს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ინტერესების დაცვას. ოქტომბერში მთიანი რეგიონების სათემო ორგანიზაციების ფორუმზე მონაწილეებმა მათ დასახლებებში არსებულ პრობლემებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს და სამოქალაქო აქტივობების ცენტრთან ერთად ამ პრობლემების მოგვარების გეგმაზეც შეთანხმდნენ. ამ გეგმის ფარგლებში, სათემო ორგანიზაციებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ნოემბერში ორი შეხვედრა გაიმართა.

პირველი შეხვედრა წოვათუშური ენის გადარჩენის საკითხს დაეთმო. წოვათუშურ ენაზე ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები რამდენიმე ათეული წოვათუში ლაპარაკობს. თუშების სათემო საბჭოს განცხადებით, თუშური ენა გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. შეხვედრას თუშების სათემო საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგაოდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი წოვათუშური ენის გადასარჩენად სამოქმედო გეგმის შექმნაზე შეთანხმდნენ.

მეორე შეხვედრა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხს - პანკისი-ხადორის ხეობა-თუშეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს დაეთმო. პროექტის წინასწარი ვერსიის გაცნობისა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თუშეთისა და პანკისის ხეობის მცხოვრებლები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს და სხვა პირებს შეხვდნენ. 

ორივე შეხვედრა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

კონკურსი - ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად

13 ნოემბერს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბმა  (CSR კლუბი) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა (UN Global Compact Network Georgia) გამოაცხადეს კონკურსი - ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და საშუალებას აძლევს ბიზნესკომპანიებს მიიღონ აღიარება, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. 
კონკურსის თემები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება და ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში გაიცემა:

• ხარისხიანი განათლება
• გენდერული თანასწორობა
• ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
• მდგრადი ქალაქები და დასახლებები
• პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით (შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და კომპანიის სტრატეგიასთან, პროექტის განხორციელების ეფექტიანობა, პროექტის გავლენა ბიზნესზე და საზოგადოებაზე). საუკეთესო პროექტებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცემათ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამეწარმეო იურიდიული პირებს, რომლებიც საქართველოში  საქმიანობენ. საკონკურსო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა  2018 წლის 10 დეკემბერი. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.

EWMI ACCESS-ის და მისი პარტნიორის - CiDA-ს მხარდაჭერით 2015 წელს შეიქმნა CSR კლუბი, რომლის მიზანია ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ამას გარდა, CiDA 2016 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის (UN Global Compact Network Georgia) საქართველოს სამდივნო გახდა. EWMI ACCESS-ი CiDA-ს გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის პრინციპების პოპულარიზაციაში და დანერგვაში უწევს მხარდაჭერას. 

EWMI ACCESS-ის ორგანიზაციული განვითარების პროგრამა

უკვე მეხუთე წელია, EWMI ACCESS-ი და მისი პარტნიორი ორგანიზაცია - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მრავალფეროვან და მათ საჭიროებებზე მორგებულ ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამას სთვაზობენ. 

ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს თავად განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები და ეს პროგრამა მათ ორგანიზაციულ საჭიროებებს მიუსადაგონ.

მორიგი კონკურსი 24 ნოემბერს დასრულდა. შემოსული 14 განაცხადიდან პროგრამისთვის 6 ორგანიზაცია შეირჩევა, რომლებთანაც CTC-ი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს. თავდაპირველად მოხდება მათი შესაძლებლობების შეფასება სპეციალური კითხვარის საშუალებით. ამის შემდეგ მათ გაეწევათ შესაბამისი კონსულტაციები და სხვა სახის ტექნიკური დახმარება. პროგრამის დასრულებიდან 6-10 თვის შემდეგ, CTC-ი ხელახლა გააკეთებს შერჩეული ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასებას, რომ გაზომოს გაუმჯობესების ხარისხი და გამოავლინოს დარჩენილი ხარვეზები.

ACCESS-ის პროექტის დაწყებიდან დემდე ორგანიზაციული განვითრების მხარდაჭერის პროგრამაში უკვე 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.  დახმარების შედეგად მათ შეცვალეს ორგანიზაციული სტრუქტურა და სტრატეგიული გეგმები, დაისახეს განვითრების რეალისტური მიზნები. ამ ცვლილებების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ დაფინანსების ახალი წყაროები მოიძია.

ელექტრონული პეტიციების სისტემის დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ელექტრონული პეტიციების სისტემა არასამთავრობო ორგანიზაცია ოზურგეთის პროგრესის სახლის და EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით დაინერგა.  ელექტრონული პეტიცია საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე მოამზადონ პეტიცია, სახლიდან გაუსვლელად შეაგროვონ ხელმოწერები და წარუდგინონ საკრებულოს. ამ პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, ოზურგეთის პროგრესის სახლის ინიციატივითა და ადვოკატირებით, ოზურგეთის საკრებულომ პეტიციაზე ხელმოწერების კანონით სავალდებულო რაოდენობა გაანახევრა და ნაცვლად მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1%-ისა, ზღვარი 0.5%-მდე დასწია.

დღეის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 6 ელექტრონული პეტიციაა დარეგისტრირებული. აქედან ორი პეტიციის განხილვა საკრებულომ უკვე დაიწყო. ოზურგეთის პროგრესის სახლი საკრებულოს ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებდა და ასევე კონსულტაციებს უწევდა მოქალაქეებს, რათა  მათ გაადვილებოდათ პეტიციის დარეგისტრირება და მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება. 

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე პეტიციების პლატფორმის ინტეგრირება ოზურგეთის პროგრესის სახლის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა ახლახან მოხდა ამ პლატფორმების დახვეწა - დაემატა დარეგისტრირებული პეტიციების რეესტრი, რომლის საშუალებითაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მომხმარებელს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ დარეგისტრირებულ პეტიციებზე მიმდინარე პროცესებს, კერძოდ: ხელმოწერების რაოდენობა, სტატუსი (დასრულებული, განხილვის პროცესში მყოფი, პასუხგაცემული), საკრებულოს რეაგირება და ა.შ.

ACCESS-ი არის 6 897 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). USAID-ი ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.