COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად EWMI ACCESS-მა სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. 30 აპრილის მდგომარეობით კონკურსში 370 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. საგრანტო კომისიამ თითოეული მათგანი დეტალურად განიხილა და პირველ ეტაპზე დასაფინანსებლად 15 პროექტი შეარჩია. მათი განხორციელება აპრილის დასაწყისში დაიწყო.
შერჩეული პროექტების თემატიკა და სამიზნე ჯგუფები განსხვავებულია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს პანდემიით გამოწვეული პრობლემების სიმრავლეს. თემატურად დაფინანსებული პროექტები ასე გადანაწილდა:
ეთნიკური უმცირესობები
პლატფორმა „სალამის“, „გუმბათის“ და „აჭარის დემოკრატიული განვითარების კავშირის" პროექტების ძირითადი მიზანი ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის, საქართველოს აზერბაიჯანელი, სომეხი და ბოშა მოქალაქეების ინფორმირებაა. „სალამი“ ქვემო ქართლში ავრცელებს ინფორმაციას COVID-19-ის გავრცელებისა და პრევენციის გზებზე, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებზე და ანტიკრიზისულ პროგრამაზე. ამისთვის „სალამი“ იყენებს სოციალურ მედიას, ადგილობრივ რადიოს და პოსტერებს, რომლებსაც ბოლნისის, მარნეულისა და გარდაბნის ყველა სოფლისა და მუნიციპალური ცენტრის აფთიაქებში, მაღაზიებში და მოედნებზე აკრავს. ის, ასევე, ოპერატიულად თარგმნის და ავრცელებს ქართული ტელეარხების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს და საინტერესო მასალებს ვირუსთან დაკავშირებით. „გუმბათი“ წალკაში ავრცელებს სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მასალას, ხოლო
„აჭარის დემოკრატიული განვითარების კავშირი“ აჭარელ ბოშებს აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას და საჭირო სამედიცინო და სხვა სახის სერვისების მისაღებად ინდივიდუალურ დახმარებასაც უწევს.
დისტანციური სწავლება
პანდემიის გამო სკოლების დახურვამ მასწავლებლები და მოსწავლეები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების ჩართულობით, საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის (I-VI და VII-XII კლასებისთვის) დამხმარე ლიტერატურას ქმნის. სასწავლო მასალა გავრცელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის და განათლების სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით, ასევე, აიტვირთება ვებგვერდზე el.ge.
მაღალი რისკის ჯგუფები
რამდენიმე პროექტი COVID-19-ის მაღალი რისკის ჯგუფების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. „იდენტობა Youth“ ბათუმში აივ/შიდსის მქონე პაციენტებსა და რისკ-ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ზომები უნდა მიიღონ ვირუსისგან თავის დასაცავად და პანდემიის დროს საჭირო სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მისაღებად. ამ მიზნით ორგანიზაციამ უკვე მოამზადა და გამოაქვეყნა სპეციალური პროტოკოლი (რეკომენდაციები) აივ/შიდსის პაციენტებისთვის. „ქსენონი“ ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებთან მუშაობს და მათ ონლაინ, სატელეფონო და პირისპირ კონსულტაციებით ეხმარება. „ქსენონმა“ გამოსცა
გზამკვლევი ნარკოტიკების უსაფრთხოდ მოხმარებაზე და ჩაატარა ტრენინგები 4 ქალაქის ზიანის შემცირების სერვისცენტრების პერსონალისთვის. „ევროპა დონა საქართველო“ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და სხვა სახის მხარდაჭერას უწევს ჯანმრთელობის კუთხით კიდევ ერთი მაღალი რისკის ჯგუფს - ონკოპაციენტებს.
სოციალურად დაუცველი ჯგუფები
სამოქალაქო ინიციატივა „ცოდნის კაფემ“ სიღნაღელი მარტოხელა ხანდაზმულების მონაცემთა ბაზა შექმნა, შეისწავლა მათი საჭიროებები და მათ დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყო. აქტიური სოციალური კამპანიით ორგანიზაციამ ერთ თვეში 16520 ლარი შეაგროვა და 152 მარტოხელა ხანდაზმულს ერთი თვის სასურსათო მარაგი მიაწოდა. თვითიზოლაციის რთული პერიოდის შესამსუბუქებლად „ცოდნის კაფე“ ხანდაზმულებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და თერაპიულ აქტივობებსაც სთავაზობს. საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ეხმარება. ის იკვლევს ოჯახების საჭიროებებს და მთავრობას აწვდის ამ ინფორმაციას. ასევე აგროვებს თანხას და არიგებს ჰუმანიტარულ დახმარებას ბათუმსა და ქობულეთში.
დეზინფორმაციასთან ბრძოლა
იმ პირობებში, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით უამრავი მასალა ვრცელდება, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მას დამოუკიდებლადაც შეეძლოს ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევა. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ექვს ენაზე - ქართულად, აზერბაიჯანულად, სომხურად, ოსურად, აფხაზურად და რუსულად - ამზადებს მრავალფეროვან საინფორმაციო მასალას კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე და ყალბი ახალი ამბებისა და წყაროების გამოვლენის გზებზე. ქარტიის სტატიები, ინფოგრაფიკები და საინფორმაციო ანიმაციები mediachecker.ge-ზე ქვეყნდება და რეგიონულ მედიასაშუალებებში ვრცელდება. ყალბ ინფორმაციას ებრძვის ონლაინ პლატფორმა prevencia.ge-ც. მისი ერთ-ერთი რუბრიკა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ მითებს და რეალურ ფაქტებს ეთმობა.
ჯანდაცვა
ვირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და საავადმყოფოების დატვირთვა და ინფექციის გავრცელებისგან მათი დაცვის მნიშვნელობა. ორი გრანტიორი -- Welfare Foundation-ი და საინიციატივო ჯგუფი გიორგი ბერიას ხელმძღვანელობით -- სამედიცინო პერსონალის გადამზადებაზე მუშაობს. საინიციატივო ჯგუფმა უკვე ჩაუტარა ტრენინგები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის 7 კლინიკის 192 სამედიცინო პერსონალს. Welfare Foundation-მა მოამზადა სასწავლო მასალა და ვებინარები პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის. ტრენინგის თემებია: COVID-19-ის პრევენცია და კონტროლი, პაციენტების ნაკადების მართვა და სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის გავრცელების პრევენცია.
ბავშვები
COVID-19-თან გამკლავების მთავარი იარაღი თვითიზოლაცია და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაა. ახალი რეალობა განსაკუთრებით უჩვეულო და რთულად მისაღებია ბავშვებისთვის. ვირუსის შესახებ ბავშვების მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმირებისთვის სტუდია „ველოსიპედი“ პოპულარული საბავშვო ანიმაციური ფილმის - „ჟირაფი ჟოზეს“ - სპეციალურ სერიებსა და პოსტერებს ამზადებს.
ახალი ტექნოლოგიები
პანდემიასთან გასამკლავებლად EWMI ACCESS-ი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასაც უჭერს მხარს. „მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი“ ქმნის მობილური ტელეფონის აპლიკაციას – CovidBuster, რომელიც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად აღრიცხონ თავიანთი კონტაქტები, მიიღონ „შეხსენებები“ თვითიზოლაციისა და პირადი ჰიგიენის წესებთან დაკავშირებით და თვალყური ადევნონ ვირუსის პრევენციაზე ახალ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს.
ონლაინ პლატფორმა prevencia.ge კი დღეისთვის ხელმისაწვდომ დისტანციურ სერვისებსა და რესურსებს უყრის თავს ერთ სივრცეში. თვითიზოლაციის პირობებში მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით პრაქტიკულია იმის ცოდნა, თუ რა სერვისების მიღება შეუძლიათ მათ სახლიდან გაუსვლელად. prevencia.ge-ზე 180-ზე მეტი ასეთი სერვისია აღრიცხული და ეს ბაზა მუდმივად ახლდება.