|
|
|
საარჩევნო მედიაცენტრები საარჩევნო მოვლენების ეპიცენტრში
|
|
|
წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო საარჩევნო მედიაცენტრებში. მედიაცენტრები საქართველოს 10 ქალაქში, დემორკატიული ჩართულობის ცენტრებში ფუნქციონირებენ და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს (პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მედია, მოქალაქეები და სხვ.) ნეიტრალურ სამუშაო და სადისკუსიო სივრცეს სთავაზობენ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მედიაცენტრებში გაიმართა 30-მდე დისკუსია მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაწილეობით, რომლებსაც თავად მედიაცენტრების თანამშრომლები ან/და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. გარდა ამისა, მრავალი შეხვედრა მიეძღვნა ქალი ამომრჩევლების საჭიროებების განხილვას - ACCESS-ის პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო კანდიდატებს დეტალურად გააცნეს ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევის შედეგები. შეხვედრების ცალკე ციკლი დაეთმო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროებს და საარჩევნო კამპანიის ხარჯებს.
ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ოქტომბრის თვეში პოლიტიკური პარტიებიც აქტიურად იყენებდნენ მედიაცენტრებს. მათ გამართეს საინფორმაციო შეხვედრები ამომრჩევლებთან, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები პარტიის წევრებთან და აქტივისტებთან.
არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრებით 250-მდე ადამიანმა ისარგებლა. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ მედიაცენტრებში. ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს არჩევნების მიმდინარეობას და პერიოდულად ახორცილებდნენ სატელევიზიო ჩართვებს მედიაცენტრებიდან.
დაარსების დღიდან (11 ივლისი) ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მედიაცენტრებმა 308 ღონისძიებას უმასპინძლეს, რომელსაც 6955 მონაწილე დაესწრო. მედიაცენტრები 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე განაგრძობენ ფუნქციონირებას. მათ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
|
|
|
|
არჩევნების დღე ოზურგეთის მედიაცენტრში
|
|
|
|
|
|
არჩევნების დღე თელავის მედიაცენტრში
|
|
|
ორგანიზაციული განვითრების მხარდაჭერის პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
|
|
|
EWMI ACCESS-ი და მისი პარტნიორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) უკვე მესამე წელია არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ, მათ საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას სთავაზობენ. 26 ოქტომბერს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამაზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს თავად განსაზღვრონ პრიორიტეტები და ეს დახმარება საკუთარ საჭიროებებს მოარგონ. პირველ ეტაპზე CTC-ი ახდენს თითოეული ორგანიზაციის შეფასებას სპეციალური კითხვარის საშუალებით. ამის შემდეგ, CTC-ი ორგანიზაციებს რამდენიმე თვის განმავლობაში ინდივიდუალურ კონსულტაციებს უწევს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ორგანიზაციული მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, ფინანსური მართვა, ფონდების მოძიება, პროექტის მართვა და სხვ. პროგრამის დასრულებიდან 6-10 თვის შემდეგ ხდება ორგანიზაციის განმეორებითი შეფასება, რათა დადგინდეს ორგანიზაციული განვითარების გაუმჯობესების დონე.
კონკურსში მონაწილეობა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ. პროგრამის განხორციელება 2017 წლის დეკემბერში დაიწყება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 22 ნოემბერი, 2017.
ორგანიზაციული განვითრების მხარდაჭერის პროგრამაში უკვე 23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. დახმარების შედეგად მათ შეცვალეს ორგანიზაციული სტრუქტურა და სტრატეგიული გეგმები, დაისახეს განვითრების რეალისტური მიზნები. ამ ცვლილებების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ დაფინანსების ახალი წყაროები მოიძია, ზოგიერთმა მათგანმა კი გრძლევადიანი დაფინანსება მიიღო.
|
|
ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევა
|
|
|
მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლების 53.7%-ს შეადგენენ, მათი მონაწილეობა არჩევნებში და პოლიტიკურ პროცესებში ძალიან დაბალია. ქალების პასიურობის გამო მათ საჭიროებებს ნაკლები ყურადღება ეთმობა პოლიტიკოსების მხრიდან. იმისთვის, რომ პოლიტიკოსები მეტად დაინტერესდნენ ქალების პრიორიტეტებით, რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს 10 რეგიონში 1100-ზე მეტი ქალი გამოკითხეს, რათა მათი პირიორიტეტები გამოევლინათ და შემდეგ საარჩევნო კანდიდატებისათვის წარედგინათ.
კვლევის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართო აუდიტორიას 17 ოქტომბერს წარუდგინეს. პრეზენტაცია თბილისში ჩატარდა, თუმცა ამ საკითხს მრავალი ინტერვიუ და სიუჟეტი დაეთმო რეგიონულ მედიაშიც.
რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. მოუწესრიგებელი შიდა გზები და ტროტუარები (რის გამოც რთულია ტროტუარებზე უსაფრთხოდ გადაადგილება, განსაკუთრებით საბავშვო ეტლით და/ან ჩვილი ბავშვით ხელში).
2. სასმელი წყლის პრობლემა (როგორც წყლის უქონლობა, ასევე გრაფიკით მიწოდება, რაც „სახლის საქმეებს“ და საქონლის მოვლას განსაკუთრებით ართულებს).
3. პარკების, სკვერების და სხვა საჯარო ადგილების, ასევე გარე განათების გაუმართაობა (ბავშვებს არ აქვთ გასართობი ადგილები, ქალებს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები).
4. ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობის პრობლემა (საბავშვო ბაღებში ადგილების ნაკლებობა ან/და მოუქნელი სამუშაო გრაფიკი უარყოფით გავლენას ახდენს დედების დასაქმებაზე. იმის გამო, რომ ბაღების მუშაობის გრაფიკი არ ემთხვევა დედების სამუშაო გრაფიკს (მათ შორის საჯარო სექტორში), მათ ხშირად უწევთ სამსახურში დაგვიანება ან/და სამსახურიდან ადრე გამოსვლა, ან საერთოდ სამუშაოსთვის თავის დანებება).
5. ნაგვის გატანისა და დასუფთავების პრობლემები (რაც ინფექციების წყაროს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას).
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის საყურადღებო უნდა იყოს ის, რომ რესპონდენტთა 67% პარტიისა თუ კანდიდატის შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუ რამდენად ეხმიანებიან ისინი ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ან/და ქალების უფლებებებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
"საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალი და კაცი ამომრჩევლების პრიორიტეტები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, ნაკლებ დროს უთმობენ ქალი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ცალკე კვლევას და მათზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამების შემუშავებას. სწორედ ამ პრობლემის ხაზგასმასა და აღმოფხვრას ემსახურება მიზნად ეს კვლევა", – აცხადებენ კვლევის ავტორები.
არჩევნების შემდგომ პერიოდში ACCESS-ი დაეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მათ განაგრძონ გამოკვეთილი პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე.
კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ. კვლევა EWMI ACCESS-ის და CiDA-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
|
|
|
|
ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია
|
|
|
|
|
|
ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია
|
|
|
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო
|
|
| |
3 ოქტომბერს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბმა (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა (UN Global Compact Network Georgia) გამოაცხადეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი ქართული ბიზნესკომპანიებისთვის. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და საშუალებას აძლევს ბიზნესკომპანიებს მიიღონ აღიარება, როგორც ლიდერებმა და სანდო პარტნიორებმა ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში.
ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:
1) ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი (მაგ: ინკლუზიური გარემოს შექმნა, ქალთა გაძლიერება, უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების წახალისება კომპანიის შიგნით ან/ და საზოგადოებაში, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა, კონკრეტული უმცირესობის გაძლიერებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროექტები, და სხვა).
2) გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი (მაგ: გარემოსდაცვითი გამოწვევების და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარება როგორც კომპანიის შიგნით, ასევე საზოგადოებაში; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების, ტექნოლოგიების და სერვისების განვითარება და გავრცელება).
3) წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (ბიზნესისა და არასამეწარმეო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი).
თითოეულ კატეგორიაში გაიცემა ორი ჯილდო, ერთი - მსხვილი კომპანიისთვის, მეორე - მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით (შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და კომპანიის სტრატეგიასთან, პროექტის განხორციელების ეფექტიანობა, პროექტის გავლენა ბიზნესზე და საზოგადოებაზე).
დაინტერესებული კომპანიებისთვის EWMI ACCESS-მა და CSR კლუბმა 17 ოქტომბერს ღია კარის დღე გამართეს. კონკურსთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები აიტვრთა CSR კლუბის ვებგვერდზე.
EWMI ACCESS-ი ხელს უწყობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითრებას საქართველოში. EWMI ACCESS-ის და მისი პარტნიორის - CiDA-ს მხარდაჭერით 2015 წელს შეიქმნა CSR კლუბი, რომლის მიზანია ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ამას გარდა, CiDA 2016 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის (UN Global Compact Network Georgia) საქართველოს სამდივნო გახდა. ACCESS-ი ეხმარება CiDA-ს გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის პრინციპების პოპულარიზაციაში და დანერგვაში.
|
|
არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ
|
|
|
ACCESS-ის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. ორგანიზაცია „რადარამი“ რუსული პროპაგანდის შესახებ ქართულად გამოცემული წიგნის - „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია, მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაციებს რეგიონებში მართავს. წიგნისადმი საზოგადოების ინტერესის გაზრდის მიზნით, „რადარამმა“ მომზადა ვიდეოკლიპი მწერლების, მუსიკოსების და ჟურნალისტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მკითხველების გასააქტიურებლად, ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე შექმნა დამატებითი რესურსი („თაბუნი“), სადაც მსურველებს შეუძლიათ გაწვერიანდნენ მკითხველთა კლუბებში და მოაწყონ შეხვედრები და დისკუსიები. პირველი დისკუსია ნოემბერში ზემოთ აღნიშნული წიგნის ირგვლივ გაიმართება.
ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში მუშაობენ „დამოუკიდებელ ჟურნალისტთა სახლი“ და ჟურნალი "ბათუმელები". პროექტის ფარგლებში მოწვეული ცნობილი ჟურნალისტები, მწერლები და სამოქალაქო აქტივისტები ბათუმში და აჭარის სოფლებში დასავლური ღირებულებების შესახებ ღია დისკუსიებს და საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში მზადდება ვიდოეკლიპები, სადაც მოწვეული სტუმრები საუბრობენ, თუ რატომ ირჩევენ ისინი ევროპას. ვიდეოები ვრცელდება სოციალური ქსელით და აჭარის ტელევიზიით.
|
|
ACCESS-ი არის 6 897 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID-ი ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
|
|
|
|
|
|